International Animation Film Festival Nikozi

 

სოფელი ნიქოზი შიდა ქართლში, შეიძლება ითქვას, ქართლის შუა გულში მდებარეობს. ეს უძველესი საეპისკოპოსო v საუკუნეში, მეფე ვახტანგ გორგასლის მიერ არის დაარსებული და იგი რუსეთის სამეფოს მმართვლობის დროს 1811 წელს სხვა ეპარქიებთან ერთად დაიხურა; ხოლო თავისი ახალი სიცოცხლე ნიქოზის ეპარქიამ 1995 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შეიძინა.

2008 წლამდე, ნიქოზში - მონასტერთან არსებული - მცირე ზომის ანიმაციური ფილმების სტუდია მოქმედებდა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მონასტრის ნაგებობებთან ერთად განადგურდა. ომის შემდეგ, პოლონეთის საელჩოს, ადგილობრივი გუბერნიის, ევროპული ორგანიზაცია “KOBERM”-ის, იაპონიის საელჩოსა და ამერიკული ორგანიზაცია “საქართველოს ამერიკელი მეგობრები”-ის დახმარებით, ჯერ მოხდა ანიმაციის სტუდიის აღდგენა,  შემდეგ კი - 2009 წელს ამოქმედებული - ხელოვნების სკოლისათვის ინვენტარის შეძენა, სკოლის რეკონსტრუქცია და ნაგებობის შეკეთება. ხელოვნების სკოლის მუშაობისა და უცხოელ მეგობრებთან თანამშრომლობის დროს დაიბადა ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ჩატარების იდეა და იგი 2011 წლიდან დაწყებული ყოველწლიურად იმართება, რომლის დამფუძნებელი და ორგანიზატორია ნიქოზის წმ. ალექსანდე ოქროპირიძის ხელოვნების სკოლა.

ნიქოზის ხელოვნების სკოლაში მოქმედებს: ხატვის, ქარგვის, ქორეოგრაფიის, ხალხური საკრავებისა და სიმღერების, საეკლესიო გალობის, ანიმაციის, ჩრდილების თეატრის, მუსიკის, უცხო ენებისა და, კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი წრეები, ასევე კლდეზე ცოცვის, ე.წ. “მეკლდეურობის” წრე, სადაც მოსწავლეებმა შეჯიბრებებში გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწიეს. ასევე აღსანიშნავია, რომ მუსიკის - ფორტეპიანოს - წრის სამი მოსწავლე წარგზავნილ იქნა თბილისის მუსიკალურ სემინარიაში სასწავლებლად; ერთი მათგანი 2016 წლიდან სწავლობს თბილისის კონსერვატორიაში ჰობოის ინსტრუმენტზე და იგი პირველივე კურსზე ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერის თეატრის ორკესტრში მიიწვიეს მუსიკოსად.

ნიქოზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალს სხვა ფესტივალებისაგან განასხვავებს ის, რომ იგი არ არის საკონკურსო ფესტივალი, სადაც ჩვეულებრივად გამოვლინდება ესა თუ ის გამარჯვებული, არამედ აქ შესაძლებელია ძველი შედევრებისა თუ ახლად შექმნილი ფილმების ჩვენება. აქ დამსწრეები თანამედროვე მსოფლიოში ანიმაციის ხელოვნებაში მიმდინარე პროცესებს ეცნობიან, ხვდებიან ცნობილ რეჟისორებსა და კინოხელოვნებაში მოღვაწე ადამიანებს; ანიმაციის ხელოვნებით დაინტერესებული ახალგაზრდებისათვის იმართება სემინარები და ოსტატობის გაკვეთილები. ნიქოზის ხელოვნების სკოლის მოსწავლეები ფესტივალის სტუმრებისათვის წარმოადგენენ ქორეოგრაფიულ, მუსიკალურ, თეატრალურ თუ ანიმაციურ ნამუშევრებს. ფესტივალს თან ახლავს კულტურული პროგრამა სადაც მოწვეული სტუმრებისათვის იმართება კლასიკური თუ ხალხური სიმღერების კონცერტები, ეწყობა ექსკურსიები.

გარდა იმისა, რომ ანიმაციური ფილმების ფესტივალი ნიქოზი არის ანიმაციური ხელოვნების პოპულარიზაციისა და განვითარების ადგილი, 2008 წლის ომის შემდეგ მას ამ რეგიონისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ენიჭება, იგი ნგრევის სანაცვლოდ, შენების, ურთიერთპატივისცემის, თანამშრომლობისა და სიყვარულისაკენ მოწოდებაა!..

იური ნორშტეინის, ცნობილი კინორეჟისორისა და ანიმატორის, 2011 წლის პირველ ფესტივალზე გამოგზავნილი მოლოცვის წერილის სიტყვებით რომ ვთქვათ:

“კულტურა ჩვენი საერთო სამშობლოა, რომელიც სცდება პოლიტიკურ ბარიერებს, აკავშირებს ადამიანს ადამიანთან და მისი წყალობით ჩვენი ცნობიერება სცილდება ჩვენი ყოფიერების საზღვრებს.

ძვირფასო მეგობრებო, თქვენი ფესტივალი ვაჟკაცური დაპირისპირებაა ნგრევასთან და გაპარტახებასთან, ეს ფესტივალი სიყვარულის ღიმილია. დაბომბილი სახლების აღდგენა უფრო ადვილია, ვიდრე დამსხვრეული ცხოვრების ხილვით შეძრული სულის გამრთელება. თქვენი ფესტივალი სწორედ სულის მკურნალია, რომელსაც შეუძლია სამართლიანობის, იმედის და მშვენიერების მეშვეობით სულის სიმშვიდის აღდგენა.”

ევროპის ფესტივალების ასოციაციამ, საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილებით, 2017 წელს ფესტივალებს სამარკო ხარისხი მიანიჭა და საქართველოს სამი ფესტივალი ევროპის საუკეთესო ფესტივალების რიგშია:

“მიხეილ თუმანიშვილის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი “საჩუქარი”

“ბათუმის მუსიკალური საერთაშორისო ფესტივალი”

“ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ნიქოზი”

ამგვარად, ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ნიქოზი EFFE-ის ფესტივალების საზოგადოების ნაწილი გახდა. ევროპული ფესტივალების ასოციაცია შედგება ფესტივალებისაგან, რომლებიც მხატვრულ ხარისხზე დგანან და ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ.  

http://www.effe.eu/festivals?title=animation&date[min][date]=&date[max][date]=&country=All&genre=All&sort_by=field_festival_date_value&sort_order=ASC&page=1

 

***

 

ნიქოზის უძველესი საეპისკოპოსო V საუკუნეში მეფე ვახტანგ გორგასლის მიერ არის  დაარსებული, მისი მეფობის დროს მიიღო საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია და იგი 457 წლიდან 1811 წლამდე დამოუკიდებელი იყო, მანამდე სანამ მეფის რუსეთის ხელისუფლება გააუქმებდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას და მას რუსეთის ეკლესიას დაუქვემდებარებდა. ამ დროიდან საქართველოში მრავალი ეპარქია დაიხურა, მათ შორის, ნიქოზის ეპარქიაც. 

 

 

Nikozi cathadral

 

1917 წლის 12(25) მარტს ქართულმა ეკლესიამ აღიდგინა თავისი უკანონოდ მიტაცებული ავტოკეფალია, ხოლო ნიქოზის ეპარქიის ამოქმედება 1995 წელს გახდა შესაძლებელი.

 

   Church&Episcopal Palace

 

 სოფელი ზემო ნიქოზი შიდა ქართლში, შეიძლება ითქვას, საქართველოს გულში მდებარეობს. აქ არის ეპარქიის საკათედრო ტაძარი „ღვთაება“ ამაღლების სახელობისა (მე-V საუკუნე), იქვეა ეპისკოპოსის სასახლე (IX–X საუკუნე), სამრეკლო (მე-XVII საუკუნე), ცოტა მოშორებით კი მთავარანგელოზების სახელობის ეკლესია (X –XI საუკუნე). 

 

The Bell Tower The Church of Archangels

Nikozi cathedral

 

 

ნიქოზთანაა დაკავშირებული საქართველოს პირველმოწამე წმიდა რაჟდენის სახელი (მე-V საუკუნე),

St.Razhden

იგი სპარსი დიდგვაროვანი, ირანის შაჰის ქალიშვილისა და ვახტანგ გორგასლის მეუღლის აღმზრდელი იყო, მან საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მიიღო ქრისტიანობა და ნათელიღო, რისთვისაც სპარსელებმა წამებით მოკლეს. იგი ნიქოზის საკათედრო ტაძარში არის დაკრძალული.

 

***

1995 წელს, ეპარქიის ხელახალი ამოქმედების შემდეგ, საქართველოს ეკლესიის ლოცვა-კურთხევით, ამ ეპარქიის მმართველად დაინიშნა მეუფე ისაია (ჭანტურია). იგი სწავლობდა სამხატვრო ტექნიკუმში, შემდეგ თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტზე - მხატვარ-ანიმატორის სპეციალობით, წლების განმავლობაში მუშაობდა ანიმაციური ფილმების სტუდიაში. მისი სადიპლომო ნამუშევარია 10-წუთიანი ანიმაციური ფილმი „რაც მოგივა დავითაო...“. 

   

სამონასტრო ცხოვრებისა და 1995 წელს ეპისკოპოსად ხელდასხმის შემდეგ მეუფემ, სხვა საქმეებთან ერთად, ნიქოზში მცირე ზომის ანიმაციური ფილმების სტუდიაც შექმნა. 

 

***

2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, 11 აგვისტოს, საჰაერო დაბომბვისას დაიწვა საეპისკოპოსო სასახლე, სამონასტრო საცხოვრებელი, მონასტრის მდიდარი ბიბლიოთეკა და ანიმაციური ფილმების სტუდიაც... 

(ფოტოგალერეა)

   

ომის შემდეგ, უცხოელი თუ ადგილობრივი გულშემატკივრების დახმარებით, აღდგენილია საეპისკოპოსო სასახლე, გრძელდება მონასტრის აღდგენითი სამუშაოები... პოლონელების დახმარებით განახლდა ანიმაციური სტუდია, დაარსდა ხელოვნების სკოლა, რომელშიც ხელოვნების სხვა დარგებთან ერთად, მოსწავლეები ანიმაციის ხელოვნებასაც  ეუფლებიან.  

   

ნიქოზში ხელოვნების სკოლის მუშაობის დროს დაიბადა ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის იდეა.

 

ფესტივალის მსვლელობა:

ავტორები თავად წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევრებს და განაწყობენ მაყურებელს ფილმის აღსაქმელად. 

გაიმართება საუბრები ანიმაციასა და, ზოგადად, კინოხელოვნებაზე, ჩატარდება  კულტურული და შემოქმედებითი საღამოები, გამოფენები, ლექციები, მასტერ-კლასები. ფესტივალის მონაწილეებისა და სტუმრებისათვის მზადდება სპეციალური პროგრამა, რომლის მეშვეობითაც მათ შესაძლებლობა ეძლევათ ახლოს გაეცნონ ქართულ კულტურასა და საქართველოს ძეგლებს. 

 

ფესტივალზე შესაძლებელია დაიბადოს ახალი იდეები, პროექტები და დაისახოს მათი რეალიზების გზები. 

ფესტივალი ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას, იმედით აღავსებს ადგილობრივ მოსახლეობას და ახალ სულს შთაბერავს მათ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პროფესიული ოსტატობა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია გახსნილი და სიხარულით აღსავსე, გულწრფელი ადამიანური ურთიერთობა.


 

ნიქოზში ძალიან მოხარული არიან საქართველოს ყოველი სტუმრის მობრძანებისა და ფესტივალში მონაწილეობისათვის.

 

 Church inside

 

მონაწილოების პირობები