რეჟისორ-მულტიპლიკატორი იური ნორშტეინი


ძვირფასო მეგობრებო!

 

კულტურა ჩვენი საერთო სამშობლოა, რომელიც სცდება პოლიტიკურ ბარიერებს და გვიქმნის ნათელ წარმოდგენას მშვენიერებაზე. გვიბიძგებს სულ მცირე მარცვალშიც კი აღმოვაჩინოთ სიცოცხლის სიდიადის ანარეკლი. გვეხმარება შევიგრძნოთ სამყარო, დავინახოთ თანაგრძნობა მზერაში და თავად განვიმსჭვალოთ თანაგრძნობით ადამიანის ტკივილისადმი თუ მტვერში გაწოლილი, მოკიაფე დატანჯული თვალებით მომზირალი მაკე ძაღლისადმი. იგი გვასწავლის, ვიპოვოთ ცა და ყური მივუგდოთ ფოთლების სიმშვიდის მომგვრელ შრიალს, ნაკადულის ჩუხჩუხს და შორით მომავალ სიმღერის ხმას.

კულტურა აკავშირებს ადამიანს ადამიანთან და აღარ ხდება საჭირო იმის ახსნა, თუ რა არის სიკეთე, მისი წყალობით ჩვენი ცნობიერება სცილდება ჩვენი ყოფიერების საზღვრებს.

 

 

 

ძვირფასო მეგობრებო, თქვენი ფესტივალი ვაჟკაცური დაპირისპირებაა ნგრევასთან და გაპარტახებასთან. ხელოვნების ნებისმიერი სახე, იქნება ეს გალობა, ფრესკა თუ სხვა ფერწერა, კარგად გამოთლილი სკამი, კარგად შეკერილი ფეხსაცმელი თუ კარგად გადაღებული ფილმი, სიცოცხლით აღავსებს ჩვენს სულებს.

 

 

 

ეს ფესტივალი სიყვარულის ღიმილია. დაბომბილი სახლების აღდგენა უფრო ადვილია, ვიდრე დამსხვრეული ცხოვრების ხილვით შეძრული სულის გამრთელება. თქვენი ფესტივალი სწორედ სულის მკურნალია, რომელსაც შეუძლია სამართლიანობის, იმედის და მშვენიერების მეშვეობით სულის სიმშვიდე აღადგინოს.

 

 

 

ყველას, ჩემი ჩათვლით, ვულოცავ ნიქოზის ანიმაციურ ფესტივალს, ვუსურვებ ხანგრძლივ სიცოცხლეს და გულისხმიერ, გონიერ მაყურებელს.

 

 

სიკეთე და სიხარული ფესტივალის ყველა მონაწილეს.

 

იური ნორშტეინი

2011 წელი, სექტემბერი

 

>