კულტურის სამინისტრო. ანიმაციური ფილმების III საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი“

 

ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის ინიციატივით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, 2-დან 8 სექტემბრამდე, სოფელი ნიქოზი ანიმაციური ფილმების მესამე საერთაშორისო ფესტივალს „ნიქოზს“ მასპინძლობს.

2 სექტემბერს, ნიქოზის ფესტივალი ცნობილი იტალიელი სცენარისტის, ტონინო გუერას ნახატების გამოფენით გაიხსნა, რომელიც მაესტროს მეუღლემ ლორა გუერამ წარმოადგინა.

ფესტივალის გახსნაზე ნაჩვენები იყო გერმანიაში მოღვაწე ანიმატორების მიერ ნიქოზის 2008 წლის ტრაგედიის თემაზე შექმნილი ანიმაციური ფილმი და ნიქოზის სახელოვნებო სკოლის მოწაფეთა მიერ შექმნილი ანიმაციური ფილმი „მთესვარი" (სახარების მიხედვით).

პრეზენტაციას დაესწრნენ ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე, ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის მიტროპოლიტი ისაია (ჭანტურია), მოწვეული სტუმრები.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ რეჟისორ-ანიმატორები რუსეთიდან, გერმანიიდან, ბულგარეთიდან, პოლონეთიდან, ბელორუსიდან, რომლებიც თავიანთ შემოქმედებას გააცნობენ ფორუმის მაყურებლებს და მასტერკლასებს ჩაატარებენ.

ნიქოზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის მეგობრები არიან დრეზდენის, სოფიისა და სუზდალის ანიმაციური ფილმების ფესტივალები, რომლებიც ნიქოზში ბოლო წლებში გამარჯვებულ ფილმებს წარადგენენ.

ნიქოზის ფესტივალში ასევე მონაწილეობას მიიღებს „თბილისი -2013 თანამედროვე მუსიკის საღამოები". კომპოზიტორი თეიმურაზ ბაკურაძე, პიანისტები ნანა ხუბუტია, თამარ ჟვანია და ანჩისხატის ტაძრის მგალობელთა გუნდი.