„ნიქოზის“ ფესტივალს ტონინო გუერას ნახატების გამოფენა გახსნის

 

 

ანიმაციური ფილმების მესამე საერთაშორისო ფესტივალი „ნიქოზი“ 2–8 სექტემბერის ჩათვლით სოფელ ნიქოზში ჩატარდება. 2 სექტემბერს ფესტივალი, ცნობილი იტალიელი სცენარისტის ტონინო გუერას ნახატების გამოფენით გაიხსნება. 
ფესტივალი უკვე მესამე წელია ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის ინიციატივით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით იმართება. 
„ნიქოზის“ ფეტივალის გახსნას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, ასევე საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორი ნანა ჯანელიძე დაესწრებიან. ფესტივალის გახსნის დღეს ნაჩვენები იქნება გერმანიაში მოღვაწე ანიმატორების მიერ შექმნილი ფილმი, რომელიც ნიქოზის 2008 წლის ტრაგედიის თემაზეა შექმნილი, ასევე ნიქოზის სახელოვნებო სკოლის მოწაფეთა მიერ შექმნილი ანიმაციური ფილმი „მთესვარი“, რომელიც სახარების მიხედვით არის შექმნილი. 
ფესტივალის განმავლობაში სხადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული რეჟისორ-ანიმატორები (რუსეთი, გერმანია, ბულგარეთი) წარმოადგენენ თავიანთ შემოქმედებას და ჩაატარებენ მასტერკლასებს. ნიქოზის ფესტივალში უცხოელ სტუმრებთან ერთად ასევე მონაწილეობას მიიღებენ კომპოზიტორი თეიმურაზ ბაკურაძე, პიანისტები ნანა ხუბუტია და თამარ ჟვანია, ასევე ანჩის ხატის ტაძრის მგალობელთა გუნდი.