ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ნიქოზი
INTERNATIONAL ANIMATION FILM FESTIVAL NIKOZI

ფესტივალის შესახებ

2008 წლამდე, ნიქოზში მონასტერთან არსებული მცირე ზომის ანიმაციური ფილმების სტუდია მოქმედებდა, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს  აგვისტოს ომის დროს მონასტრის ნაგებობებთან ერთად განადგურდა.

 

         

ომის შემდეგ, პოლონეთის საელჩოს, ადგილობრივი გუბერნიის, ევროპული ორგანიზაცია “KOBERM”-ის, იაპონიის საელჩოსა და ამერიკული ორგანიზაცია “საქართველოს ამერიკელი მეგობრები”-ის დახმარებით ჯერ ანიმაციის სტუდია აღდგა,  შემდეგ კი, 2009 წელს ამოქმედებული ხელოვნების სკოლისათვის ინვენტარის შეძენა მოხერხდა, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა სკოლას და შეკეთდა ნაგებობა. ხელოვნების სკოლის მუშაობისა და უცხოელ მეგობრებთან თანამშრომლობის დროს დაიბადა ნიქოზში ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ჩატარების იდეა და იგი 2011 წლიდან დაწყებული ყოველწლიურად იმართება, რომლის დამფუძნებელი და ორგანიზატორია ნიქოზის წმ. ალექსანდე ოქროპირიძის ხელოვნების სკოლა.

ნიქოზის ხელოვნების სკოლაში მოქმედებს: ხატვის, ქარგვის, ქორეოგრაფიის, ხალხური საკრავებისა და სიმღერების, საეკლესიო გალობის, ანიმაციის, ჩრდილების თეატრის,თოჯინების, მუსიკის, უცხო ენებისა და, კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი წრეები, ასევე კლდეზე ცოცვის, ე.წ. “მეკლდეურობის” წრე.

ნიქოზის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალს სხვა ფესტივალებისაგან ის განასხვავებს, რომ იგი არ არის ჩვეულებრივი საკონკურსო ფესტივალი, სადაც ბოლოს ესა თუ ის გამარჯვებული ვლინდება. სანაცვლოდ აქ პრიორიტეტი ენიჭება ძველი შედევრებისა თუ ახლად შექმნილი ფილმების ჩვენებას. ღონისძიების დამსწრეები თანამედროვე მსოფლიოში ანიმაციის ხელოვნებაში მიმდინარე პროცესებს ეცნობიან; ხვდებიან ცნობილ რეჟისორებსა და კინოხელოვნებაში მოღვაწე ადამიანებს. ანიმაციის ხელოვნებით დაინტერესებული ახალგაზრდებისათვის იმართება სემინარები და ოსტატობის გაკვეთილები. ნიქოზის ხელოვნების სკოლის მოსწავლეები ფესტივალის სტუმრებისათვის წარადგენენ ქორეოგრაფიულ, მუსიკალურ, თეატრალურ თუ ანიმაციურ ნამუშევრებს. ფესტივალს თან ახლავს კულტურული პროგრამა, სადაც მოწვეული სტუმრებისათვის იმართება კლასიკური თუ ხალხური სიმღერების კონცერტები, ეწყობა ექსკურსიები.

გარდა იმისა, რომ ანიმაციური ფილმების ფესტივალი ნიქოზი არის ანიმაციური ხელოვნების პოპულარიზაციისა და განვითარების ადგილი, 2008 წლის ომის შემდეგ მას ამ რეგიონისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობა ენიჭება - იგი ნგრევის სანაცვლოდ, შენების, ურთიერთპატივისცემის, თანამშრომლობისა და სიყვარულისაკენ მოწოდებაა!..

იური ნორშტეინის, ცნობილი კინორეჟისორისა და ანიმატორის, 2011 წლის პირველ ფესტივალზე გამოგზავნილი მოლოცვის წერილის სიტყვებით რომ ვთქვათ:

“კულტურა ჩვენი საერთო სამშობლოა, რომელიც სცდება პოლიტიკურ ბარიერებს, აკავშირებს ადამიანს ადამიანთან და მისი წყალობით ჩვენი ცნობიერება სცილდება ჩვენი ყოფიერების საზღვრებს.

ძვირფასო მეგობრებო, თქვენი ფესტივალი ვაჟკაცური დაპირისპირებაა ნგრევასთან და გაპარტახებასთან, ეს ფესტივალი სიყვარულის ღიმილია. დაბომბილი სახლების აღდგენა უფრო ადვილია, ვიდრე დამსხვრეული ცხოვრების ხილვით შეძრული სულის გამრთელება. თქვენი ფესტივალი სწორედ სულის მკურნალია, რომელსაც შეუძლია სამართლიანობის, იმედის და მშვენიერების მეშვეობით სულის სიმშვიდის აღდგენა.”

ევროპის ფესტივალების ასოციაციამ, საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილებით,  “ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ნიქოზი”-ს 2017 წელს  სამარკო ხარისხი EFFE მიანიჭა და ამგვარად, "ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ნიქოზი" ევროპული ფესტივალების ნაწილი გახდა. ევროპული ფესტივალების ასოციაცია ისეთი ღოონისძიებების გაერთიანებაა, რომლებიც მხატვრულ ხარისხზე დგანან და ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ.  

 

*** ნიქოზი - ისტორიული სოფელი

სოფელი ნიქოზი შიდა ქართლში, შეიძლება ითქვას, ქართლის შუა გულში მდებარეობს. ეს უძველესი საეპისკოპოსო v საუკუნეში, მეფე ვახტანგ გორგასლის მიერ არის დაარსებული და იგი რუსეთის იმპერიული მმართვლობის დროს, 1811 წელს სხვა ეპარქიებთან ერთად დაიხურა. თავისი ახალი სიცოცხლე ნიქოზის ეპარქიამ 1995 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ შეიძინა.

ნიქოზის უძველესი საეპისკოპოსო V საუკუნეში მეფე ვახტანგ გორგასლის მიერ არის  დაარსებული, მისი მეფობის დროს მიიღო საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია და იგი 457 წლიდან 1811 წლამდე დამოუკიდებელი იყო, მანამ სანამ მეფის რუსეთის ხელისუფლება გააუქმებდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას და მას რუსეთის ეკლესიას დაუქვემდებარებდა. ამ დროიდან საქართველოში მრავალი ეპარქია დაიხურა, მათ შორის, ნიქოზის ეპარქიაც.

1917 წლის 12(25) მარტს ქართულმა ეკლესიამ აღიდგინა თავისი უკანონოდ მიტაცებული ავტოკეფალია, ხოლო ნიქოზის ეპარქიის ამოქმედება 1995 წელს გახდა შესაძლებელი.

აქ არის ამაღლების სახელობის ეპარქიის საკათედრო ტაძარი „ღვთაება“  (მე-V საუკუნე), ახლომდებარე ეპისკოპოსის სასახლე (IX–X საუკუნე), სამრეკლო (მე-XVII საუკუნე), ცოტა მოშორებით კი მთავარანგელოზების სახელობის ეკლესია (X –XI საუკუნე). 

ნიქოზთანაა დაკავშირებული საქართველოს პირველმოწამე წმიდა რაჟდენისსახელი (მე-V საუკუნე),

იგი სპარსი დიდგვაროვანი, ირანის შაჰის ქალიშვილისა და ვახტანგ გორგასლის მეუღლის აღმზრდელი იყო. 

მან საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მიიღო ქრისტიანობა და ნათელიღო, რისთვისაც სპარსელებმა წამებით მოკლეს.

იგი ნიქოზის საკათედრო ტაძარშია დაკრძალული.

***

1995 წელს, ეპარქიის ხელახალი ამოქმედების შემდეგ, საქართველოს ეკლესიის ლოცვა-კურთხევით, ნიქოზის ეპარქიის მმართველად დაინიშნა მეუფე ისაია (ჭანტურია). იგი სწავლობდა სამხატვრო ტექნიკუმში, შემდეგ თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტზე - მხატვარ-ანიმატორის სპეციალობით; წლების განმავლობაში მუშაობდა ანიმაციური ფილმების სტუდიაში. მისი სადიპლომო ნამუშევარია 10-წუთიანი ანიმაციური ფილმი „რაც მოგივა დავითაო...“. 

სამონასტრო მოღვაწეობის და სხვა წამოწყებების პარალელურად, მეუფემ ნიქოზში მცირე ზომის ანიმაციური ფილმების სტუდიაც შექმნა. 

***

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, 11 აგვისტოს, საჰაერო დაბომბვისას დაიწვა საეპისკოპოსო სასახლე, სამონასტრო საცხოვრებელი, მონასტრის მდიდარი ბიბლიოთეკა და ანიმაციური ფილმების სტუდიაც... 

(ფოტოგალერეა)

ომის შემდეგ, უცხოელი თუ ადგილობრივი გულშემატკივრების დახმარებით, განახლდა საეპისკოპოსო სასახლე, ჩატარდა მონასტრის აღდგენითი სამუშაოები... პოლონელი მეგობრების დახმარებით გაცოცხლდა ანიმაციური სტუდია და დაარსდა ხელოვნების სკოლა, რომელშიც ხელოვნების სხვა დარგებთან ერთად, მოსწავლეები ანიმაციის ხელოვნებასაც  ეუფლებიან.  

სწორედ ხელოვნების სკოლის გააქტიურების შედეგად დაიბადა ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის დაარსების იდეაც.

ფესტივალი შემდეგი სახით ტარდება:

ავტორები თავად წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევრებს და განაწყობენ მაყურებელს ფილმის აღსაქმელად. 

ღონისძიების ფარგლებში იმართება საუბრები ანიმაციასა და ზოგადად, კინოხელოვნებაზე, ტარდება  კულტურული და შემოქმედებითი საღამოები, გამოფენები, ლექციები, მასტერ-კლასები. ფესტივალის მონაწილეებისა და სტუმრებისათვის იგეგმება სპეციალური პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ისინი ახლოს ეცნობიან ქართულ კულტურას და საქართველოს ძეგლებს. 

ფესტივალზე შესაძლებელია დაიბადოს ახალი იდეები, პროექტები და ამასთან, დაისახოს მათი რეალიზების გზები. 

ფესტივალის მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონის განვითარებას, იმედით აღავსოს ადგილობრივი მოსახლეობა და ახალი სული შთაბეროს მათ ცხოვრებას.

ღონისძიების მასპინძლებისთვის მნიშვნელოვანია პროფესიული ოსტატობა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია გახსნილი და სიხარულით აღსავსე, გულწრფელ ადამიანური ურთიერთობები.

გვახარებს საქართველოს ყოველი სტუმრის მობრძანება და ფესტივალში მონაწილეობა.